საქსტატი - 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.3 პროცენტამდე შემცირდა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 17.3 პროცენტამდე შემცირდა

2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა, – ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წელთან შედარებით, 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად, 2.0 და 3.2 პროცენტული პუნქტით და 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, გასულ წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

უწყების მონაცემებით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 3.5 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალებთან შედარებით, მაღალია კაცებში. 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. ამასთან, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად, 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით.

2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად, 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.