საქსტატი - 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 2022 წელს 686.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 3.3-ჯერ აღემატება. რეინვესტიციის მოცულობა გაზრდილია 1.7-ჯერ და შეადგენს 1 289 მლნ. დოლარს.

როგორც უწყების ანგარიშიდან ჩანს, 2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2022 წელს 48.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე – ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე – აშშ 8.2 პროცენტით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2022 წელს ეკონომიკის სექტორების მიხედვით კი ასე გამოიყურება: სამი უმსხვილესი სექტორის წილმა განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით და 20.3-პროცენტიანი წილით, ხოლო მესამეზე – წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9.9 პროცენტს შეადგიენს.

„წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის IV კვარტალში 324.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 153.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ – 60.5 მლნ. აშშ დოლარით (18.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე რუსეთი – 34.7 მლნ. აშშ დოლარით (10.7 პროცენტი). რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2022 წლის IV კვარტალში 93.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 197.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი 63.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 42.9 მლნ. აშშ დოლარით“, – აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.