საქსტატი - 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728.6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება და დადებითი მიგრაციული სალდო. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.4 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში.
ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.5 პროცენტს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი, რაც 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს − 64.2 პროცენტს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 15.2 პროცენტს.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 796.2 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 932.4 ათასი. წინა წელთან შედარებით კაცების და ქალების რიცხოვნობა 0.3 პროცენტით გაიზარდა. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის.
აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებლებს, საქსტატის ცნობით, 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89 996 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 85.8 პროცენტი და ემიგრანტების 86.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.