საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5 პროცენტით შემცირდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 174.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.4 პროცენტით გაიზარდა და 11.3 მილიონი ფრთას მიაღწია.
ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 115.3 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.8 პროცენტით მეტია.
ხორცის წარმოებამ 15.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.5 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 171.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.9 პროცენტით აღემატება.