საქსტატი - 2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ცხრა პროცენტით შემცირდა
2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი – კაცი. ინფორმაციას საწარმოთა საქმიანობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 299.9 მილიონი ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები). 2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1018,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 61.0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 061.9 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 65.4 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.1 პროცენტი, იმერეთი – 6.9 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.0 პროცენტი.