საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5 პროცენტითაა გაზრდილი
საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5 პროცენტითაა გაზრდილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით, ანუ 177.9 ლარით გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით);

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 560.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

უწყების მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 209.4 ლარი ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში, ასევე 2 177.4 ლარი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში ფიქსირდება.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1 226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.