საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7 პროცენტით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 56.7 პროცენტით, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი კი 43.4 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წლის მეორე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7 პროცენტით გაიზარდა და 35.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 13.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 43.4 პროცენტით მეტია.

ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 20.4 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში – მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 27.0 პროცენტი. საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის მეორე კვარტალში 19.2 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 11.8 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.0 პროცენტით მეტია.

ასევე, უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 36.8 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.6 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 10.2 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 5.7 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 2.8 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.2 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. საანგარიშო პერიოდში, ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 25.1 პროცენტი წილით და ვაჭრობა 19.2 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა 16.2 პროცენტიანი წილით და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.0 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.5 პროცენტიანი წილი უჭირავს.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში, 77.5 პროცენტით ლიდერობს თბილისი. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. – 5.3 პროცენტით, ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტით, იმერეთი – 4.1 პროცენტით და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.3 პროცენტით.

ასევე, რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, 62.0 პროცენტით კვლავ თბილისი ლიდერობს მეორე ადგილს 8.7 პროცენტიანი წილით ისევ აჭარის ავტონომიური რესპუნლიკა იკავებს. შემდეგ მოდიან ქვემო ქართლი – 8.3 პროცენტით, იმერეთი – 6.8 პროცენტით, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტით.