საქსტატი - 2021 წლის მარტში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 15.5 პროცენტით გაიზარდა
საქსტატი - 2021 წლის მარტში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 15.5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 15.5 პროცენტიანი ზრდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 1.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 1.52 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.

მათივე ინფორმაციით, ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (1.7 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (2.7 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე (2.3 პროცენტი), რამაც 0.28 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია – ფასები გაიზარდა 15.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 12.41 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე – კვების პროდუქტები – ზრდა 15.6 პროცენტი, სასმელები – ზრდა 9.4 პროცენტი და ძირითადი ლითონები – ზრდა 25.4 პროცენტი.

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.79 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 26.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.77 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 11.7 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (9.7 პროცენტი).