საქსტატი - 2021 წლის მარტში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის კალკულაციაში (7.2 პროცენტი) გათვალისწინებული აღარ იყო კომუნალური ტარიფების სუბსიდირება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღნიშნულ მაჩვენებელზე.
წლიურ ჭრილში სურსათის ღირებულება 5.7 პროცენტით, ჯანდაცვის ღირებულება კი 13.6 პროცენტით არის გაზრდილი.
რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალ პროდუქტებს, ყველაზე მეტად, თითქმის 36 პროცენტით ზეთია გაძვირებული (ზეთი და ცხიმი 35.8 პროცენტი). ასევე თითქმის 14 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე.
ჯანდაცვის კუთხით, ფასები 21.3 პროცენტით გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის მიმართულებით. ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების კი 12.0 პროცენტით გაძვირდა.
რაც შეეხება კომუნალური სუბსიდირების დასრულების ეფექტს, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი – ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.6-პროცენტიანი მატება, რაც 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ელექტროენერგია, აირი და გათბობის სხვა სახეები 7.8 პროცენტით გაძვირდა, წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება კი 4.5 პროცენტით.