საქსტატი - 2021 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 23 პროცენტით ნაკლები საწარმო დარეგისტრირდა
2021 წლის იანვარში საქონლის ექსპორტი შემცირდა 16.2 პროცენტით, იმპორტი კი დაახლოებით 16.6 პროცენტით, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით 2 830 ახალი საწარმო, რაც 23 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, რვა პროცენტით შემცირდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 5.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
„რაც შეეხება მიზეზებს, მშენებლობის სექტორში კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ძირითადად საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის მიმართულებით, თუმცა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა ასევე სამოქალაქო და სპეციალიზებული სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოების მოცულობაც. 18 პროცენტით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი და დაახლოებით 26 პროცენტით შემცირდა ცემენტის იმპორტის მოცულობა“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, კლება შეინიშნება ასევე ტრანსპორტის სექტორშიც, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, თუმცა შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორშიც, როგორც საქალაქო, ასევე საგარეუბნო სამგზავრო ტრანსპორტის მიმართულებით.
„აღნიშნულ დარგში კლების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ასევე ტვირთის სატრანსპორტო დამუშავებასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კლებას, საქსტატის განმარტებით, ეს ძირითადად განპირობებული იყო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებითა და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვებით.
„დაახლოებით 94 პროცენტით შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, რამაც შეამცირა ტურისტული სააგენტოების და ტურ-ოპერატორების შემოსავლების მოცულობაც“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისივე თქმით, დადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენცია გამოვლინდა სასმელების, სამშენებლო მასალების წარმოების და ქიმიური მრეწველობის მიმართულებით, იანვარში თითქმის განახევრებულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.
„ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში კლების გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად გვევლინება აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირება, თუმცა ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი გახლავთ ასევე დასვენების, გართობის, ხელოვნების და სპორტის ღონისძიებების ორგანიზებით დაკავებული ობიექტების შემოსავლების შემცირებაც.
უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებსათან.
რაც შეეხება დარგებს, სადაც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, საფინანსო სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლების ზრდა, რაც დაკავშირებული იყო ფიზიკურ პირებზე გაცემული გრძელვადიანი სესხების მოცულობასთან და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა განაპირობა საინფორმაციო და საკომუნიკაციო საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის მატებამ“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.