საქსტატი - 2021 წლის იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი ნებართვა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაიცა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5.5 პროცენტით მეტი, ანუ 4 400 ნებართვა 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7 პროცენტითაა გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, ნებართვების 71,8 პროცენტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3 პროცენტი თბილისზე, 9,0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
ამასთან, როგორც საქსტატში განმარტავენ, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 12,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
სულ, 2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 7.9 პროცენტით მეტი, 818,6 ათასი კვ.მ ფართობის 1128 ობიექტი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39,3 პროცენტით მეტია.