საქსტატი - იანვარ-აპრილში საქართველოდან ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი 104.6 პროცენტით, თხილის ექსპორტი კი 103.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 19.6 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.8 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.1 პროცენტით გაიზარდა და 884.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.6 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 189.5 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 146.1 მლნ. აშშ დოლარით და თურქეთი – 98.3 მლნ. აშშ დოლარით.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 264.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.9 პროცენტს შეადგენს.
მათივე ცნობით, მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 111.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.6 პროცენტია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 66.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, 104.6 პოცენტით გაიზარდა ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტი და 23.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 103.0 პროცენტით, 29.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი 25.1 პროცენტით.