საქსტატი - 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.3 პროცენტით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით, ანუ 149.1 ლარით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში და 2 431.6 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.5 პროცენტითაა გაზრდილი. რაც შეეხება დანარჩენს სფეროებს: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 270.2; მშენებლობა – 2 209.5 ლარი; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 133.0 ლარი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, გასული წლის ბოლო კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 153.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 767.9 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 131.3 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 186.4 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 180.9 ლარით, ანუ 12.8 პროცენტით გაიზარდა და 1 597.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი, 2 502.3 ლარი ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგში, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 394.2 ლარი) დარგებში ფიქსირდება.
საანგარიშო პერიოდში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 93.4 ლარით, ანუ 8.1 პროცენტით გაიზარდა და 1 250.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.