საქსტატი - 2021 წლის აპრილში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 17.5 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.2 პროცენტით გაიზარდა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სახეზეა ინდექსის 17.5 პროცენტიანი ზრდა.
საქსტატის ცნობით, 2021 წლის მარტთან შედარებით ფასები 3.6 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია 2.2 პროცენტიანი ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე და 12.2 პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. ამავე პერიოდში ფასები 5.6 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
„გარდა ამისა, ფასების 0.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 17.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.9 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების ზრდა ლითონის მადნებზე (16.4 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.47 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (16.8 პროცენტი), სასმელები (7.7 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (37.7 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 19.8 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 2.27 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 30.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.