საქსტატი - 2021 წელს საქართველოში შიდა ტურიზმი გაიზარდა
საქსტატი - 2021 წელს საქართველოში შიდა ტურიზმი გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 245.1 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 412.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 36.7 პროცენტით მეტია 2020 წლის შესაბამის მონაცემზე.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 662.6 ათასით განისაზღვრა, რაც 37.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. 2021 წელს ვიზიტორების 38.4 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.7 პროცენტს შეადგენდა.

უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 43.9 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 11.5 პროცენტი მოდის ქვემო ქართლის რეგიონზე, 11.3 პროცენტი – იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი. 2021 წელს ვიზიტების უმრავლესობა, 46.9 პროცენტი განხორციელდა მეგობრების და ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში, საშუალოდ 300.1 ათასი ვიზიტი თვეში და იმერეთის რეგიონში, საშუალოდ 241.9 ათასი ვიზიტი თვეში.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 226.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 53.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 13.1 პროცენტით და 160.1 ლარს უტოლდება.