საქსტატი - 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარბით 23.6 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის მესამე კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მესამე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტალის წინასწარ მონაცემებს 25.2 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ცნობით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილეს ქვეყნებს წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფო 117.7 მლნ. აშშ დოლარით, ნიდერლანდი 79.3 მლნ. აშშ დოლარით და აშშ 24.2 მლნ. აშშ დოლარით.
2020 წლის მესამე კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა №2, რომლის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 38.9 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 26.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე აშშ – 8.0 პროცენტით.
ამასთან, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის მესამე კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. 2020 წლის მესამე კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.