საქსტატი - 2020 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით (22.4 ლარით) გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით); მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6 პროცენტით).
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 472.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 54.0 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 3.2 ლარით.
საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. ამასთან, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.3 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 188.8 ლარი, შემცირდა 0.1 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.
2020 წლის მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 88.8 ლარით და 1 130.8 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დასაქმებულებს.