საქსტატი - 2020 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა, პროდუქციის გამოშვება კი შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტით გაიზარდა და 32.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, ამ პერიოდში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 35.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 31.3-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.8-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5-პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3-პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 8.1 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, საქსტატის ცნობით, კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 12.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.3 პროცენტით ნაკლებია.
2020 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.7 პროცენტი) და მშენებლობა (21.6 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება – 8.4-პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 28.5-პროცენტიანი წილი უჭირავს.
2020 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 60.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.1 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 22.0 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.6 პროცენტი, საშუალოზე – 27.8 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.7 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა შეძენამ 2020 წლის მეოთხე კვარტალში 18.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების შეძენამ – 11.0 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტით ნაკლები).
რეგიონების მიხედვით, მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: თბილისი – 79.5 პროცენტი, ქვემო ქართლი – 4.8 პროცენტი, აჭარის ა/რ – 4.2 პროცენტი, იმერეთი – 3.0 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2.7 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით, პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები, შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 63.8 პროცენტი, ქვემო ქართლი –8.9 პროცენტი, აჭარის ა/რ – 7.1 პროცენტი, იმერეთი – 5.0 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.9 პროცენტი.