საქსტატი - 2020 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 10 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 609.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 9.6 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 637.8 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.9 პროცენტით ნაკლები).
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
2020 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ყოველთვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 417.0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 21.8 ლარით). საშუალო ხელფასის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან, რამაც ავტომატურად გაზარდა საშუალო ხელფასი.
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო ყოველთვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: ქ. თბილისი – 66.0 პროცენტი, აჭარის ა/რ – 8.5 პროცენტი, იმერეთი – 6.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.6 პროცენტი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი – მამაკაცი.