საქსტატი - 2020 წლის მეორე კვარტალში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.4 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.2 პროცენტი – ქვემო ქართლში, 15.5 პროცენტი – კახეთში, 13.1 პროცენტი – იმერეთში, 13.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 პროცენტი – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 62.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 39.6 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60.4 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 773.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, სასაკლაოების მიერ 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში 8 444.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 31.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 49.1 პროცენტი – ფრინველის, 19.1 პროცენტი – ღორის, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.5 ათას პირს, საიდანაც 25.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 817 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 26.0 ლარი, ცხვრის ან თხის – 10.9 ლარი, ხოლო ღორის – 23.9 ლარი.
უწყების ცნობით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 52 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, მცხეთამთიანეთის, კახეთის და გურიის რეგიონებში. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 271 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 265 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 863 კაცით განისაზღვრა. საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 89.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 50.9 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27.5 პროცენტი თევზეული,12.8 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.5 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 3.9 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.4 მლნ. ლარის ღირებულების (27.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (63.2 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 50.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) და ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.