საქსტატი - 2020 წლის მეორე კვარტალში, ადგილობრივების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა
საქსტატი - 2020 წლის მეორე კვარტალში, ადგილობრივების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 675.7 ათასი ვიზიტი. საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 37.2 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 308.4 ათასით განისაზღვრა, რაც 31.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 39.1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.5 პროცენტს შეადგენდა. საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.7 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 11.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა – 47.9 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში – საშუალოდ 135.0 ათასი ვიზიტი თვეში და იმერეთის რეგიონში – საშუალოდ 128.5 ათასი ვიზიტი თვეში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 89.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 25.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23.2 პროცენტით და 132.0 ლარს უტოლდება.