საქსტატი - 2020 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები
საქსტატი - 2020 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც ეფუძნება „კოვიდ-19“-ის გავლენის შედეგად შინამეურნეობების მიერ დეკლარირებულ ინფორმაციას, შინამეურნეობების 13.9 პროცენტში, ერთმა წევრმა მაინც დაკარგა სამსახური დროებით ან ხანგრძლივი პერიოდით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან გამოკითხვის მომენტამდე პერიოდში ქვეყანაში შინამეურნეობების 37.4 პროცენტს შეუმცირდა საშუალო ყოველთვიური შემოსავლები. ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 38.2 პროცენტს, ხოლო სოფლად 36.3 პროცენტს შეადგენს.

შემოსავლის შემცირების ძირითად მიზეზად სახელდება „კოვიდ-19“ და მასთან დაკავშირებული გარემოებები, როგორიცაა კომპანიის/ბიზნესის მოთხოვნის შემცირება, რომელშიც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი ან ეკუთვნოდა შინამეურნეობის წევრს (50.7%), კომპანიის/ბიზნესის დახურვა, სადაც მუშაობდა შინამეურნეობის წევრი (16.9%), შინამეურნეობის წევრის ხელფასის შემცირება (8.5%), შინამეურნეობის წევრის მიერ საკუთარი კომპანიის/ბიზნესის დახურვა (7.3%) და შინამეურნეობის წევრის სამუშაო საათების შემცირება (6.8%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებული, რომ თავად ან მათი შინამეურნეობის წევრი შეიძლება „კოვიდ-19“-სგან მძიმედ ავად გახდეს, რესპონდენტების 45.1 პროცენტი პასუხობს, რომ ძალიან შეწუხებულია, 29.7 პროცენტი – შეწუხებულია ზომიერად, 12.5 პროცენტი – მეტ-ნაკლებად, 5.5 პროცენტი – უმნიშვნელოდ, ხოლო 7.0 პროცენტი საერთოდ არ არის შეწუხებული.

დატოვე კომენტარი