საქსტატი - 2020 წელს თეატრებში სპექტაკლების რაოდენობა 80 პროცენტით, მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა კი 86 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს კულტურის სტატისტიკა გამოაქვეყნა და 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, ორი იყო ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 – დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრი, ორი – ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 – თოჯინების თეატრი. თეატრების ნახევარზე მეტი – 51.9 პროცენტი თბილისშია, 15.4 პროცენტი – იმერეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 32.7 პროცენტია.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 80.0 პროცენტით შემცირდა და 975 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ორ მესამედზე მეტი – 67.5 პროცენტი თბილისში ჩატარდა.
ამასთან, გასულ წელს მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, 79.6 პროცენტით შემცირდა და 125.6 ათასი შეადგინა. საშუალოდ ერთ სპექტაკლზე დასწრების მაჩვენებელი 129 კაცით განისაზღვრა. მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში იყო – 71.0 პროცენტი, მეორე ადგილზე კი იმერეთია – 13.8 პროცენტი.
ასევე, 2020 წელს საქართველოში 249 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 100 ერთეული – მემორიალურ მუზეუმს წარმოადგენს, 70 ერთეული – ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 24 ერთეული – ხელოვნების, 12 ერთეული – მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული – ლიტერატურულს, ხოლო 41 – სხვა სახის მუზეუმს. გასულ წელს ყველაზე მეტი მუზეუმი თბილისში ფუნქციონირებდა (23.7 პროცენტი). ამ მაჩვენებლით მეორე და მესამე ადგილებზე იმერეთის (14.9 პროცენტი) და კახეთის (14.1 პროცენტი) რეგიონებია.
საქსტატის მომაცემებით, 2020 წელს მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 86.2 პროცენტით შემცირდა და 309.9 ათასი კაცი შეადგინა. საშუალოდ ერთ მუზეუმზე 1 245 დამთვალიერებელი მოდის. ამასთან, 2020 წელს მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა 85.3 პროცენტით შემცირდა და 9 849 ერთეული შეადგინა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა – 59.4 პროცენტით შემცირდა და 436 ერთეულს გაუტოლდა.