საქსტატი - 2020 წელს საწარმოთა 41-მა პროცენტმა ინოვაციური საქონელი დამოუკიდებლად შეიმუშავა
საქსტატი - 2020 წელს საწარმოთა 41-მა პროცენტმა ინოვაციური საქონელი დამოუკიდებლად შეიმუშავა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა 7.3 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 7.7 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული.

„საწარმოთა წილი, რომლებმაც დამოუკიდებლად შეიმუშავეს ინოვაციური საქონელი 42.1 პროცენტია, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც დამოუკიდებლად შეიმუშავეს ინოვაციური მომსახურება 33.6 პროცენტს შეადგენს. დანარჩენ შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 47.4 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 52.6 პროცენტი – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა მიერ ახალი ან გაუმჯობესებული ბიზნესპროცესების ინოვაციების 62.5 პროცენტი შემუშვებულ იქნა უშუალოდ საწარმოს მიერ, 16.3 პროცენტი – სხვა საწარმოებთან ან დაწესებულებებთან ერთად, 11.9 პროცენტი – სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ, ხოლო 9.3 პროცენტი მოდის საწარმოების მიერ სხვა საწარმოების ან დაწესებულებების მიერ შემუშავებული საქონლის/მომსახურების ადაპტირება – მოდიფიცირების განხორციელებაზე.

ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიების შეფასებისას ფოკუსირებას მაღალ ხარისხზე საწარმოთა 17.6 პროცენტმა მიანიჭა მაღალი მნიშვნელობა, ხოლო საწარმოთა 13.7 პროცენტი მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს ფოკუსირებას არსებული საქონლის/მომსახურების გაუმჯობესებაზე. ბიზნეს გარემოს შეფასებისას, ძირითად გამოწვევად დაფიქსირდა საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდა, რაც იწვევს კლიენტების დაკარგვას. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საწარმოთა 1.2 პროცენტმა იყიდა ან მიიღო ლიცენზია პატენტზე ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე, რომლის 62.3 პროცენტი შეძენილ ან მიღებულ იქნა კერძო ბიზნეს საწარმოებისგან ან ფიზიკური პირებისგან. კლიმატის ცვლილების შედეგების გავლენის შეფასებისას საწარმოთა 45.9 პროცენტმა მაღალი მნიშვნელოვნება მიანიჭა იმ გარემოებას, რომ კლიმატის ცვლილება იწვევს ხარჯების ან ფასების ზრდას ნედლეულზე“, – აცხადებენ საქსტატში.