საქსტატი - 2020 წელს საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.8 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის მოსახლეობის ჯამური საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 4.3 პროცენტით შემცირდა და 747.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.0 პროცენტით შემცირდა და 446.9 მილიონი ლარი შეადგინა.
2020 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.8 პროცენტი შეადგინა. ასევე 2.0 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4 პროცენტს უტოლდება.
ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია.
საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4 პროცენტით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4 პროცენტით შემცირდა და 303.3 ლარს გაუტოლდა. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 6.5 პროცენტით შემცირდა და 714.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 9.4 პროცენტით შემცირდა და 412.9 მილიონი ლარი შეადგინა.
2020 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 42.1 პროცენტს შეადგენს.