საქსტატი - 2020 წელს საქართველოში შობადობა 3.7 პროცენტით შემცირდა, სიკვდილიანობა კი 8.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.7 პროცენტით.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში – 15 271 ბავშვი, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 259 ბავშვი.
დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 38.0 პროცენტი, მეორე შვილის წილი შემცირდა 36.5 პროცენტიდან 35.8 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 24.7 პროცენტიდან 25.8 პროცენტამდე გაიზარდა.
2020 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30 პროცენტიდან 28.4 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1 პროცენტიდან 67.2 პროცენტამდე გაიზარდა. ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8 პროცენტიდან 4.4 პროცენტამდე გაიზარდა. 2020 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 25.8 წლით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – 13 878 კაცი, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 764 კაცი.
2020 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 4 017 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქვემო ქართლის რეგიონისა. 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.9 პრომილე შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს, რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს. ამასთან, 2020 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.