საქსტატი - 2020 წელს საავადმყოფოებში საწოლთა ფონდი 6.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში მუშაობდა 264 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 18.6 ათასს შეადგენდა, რაც 6.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქსტატის ცნობით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.6 დღე შეადგინა (2019 წელს – 4.9 დღე), ხოლო დატვირთვამ – 190.7 დღე (2019 წელს – 179.5 დღე).
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 286 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 686 ათასს გაუტოლდა, რაც 1.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
2020 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 25.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ – 22.1 ათასი.
წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა შემცირებულია თითქმის ყველა დაავადებათა ძირითადი ჯგუფისთვის. კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების მაჩვენებელი შემცირდა 82.6 პროცენტით, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 75.5 პროცენტით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების – 36.7 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების – 35.4 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 31.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების – 29.1 პროცენტით, ხოლო ორსულობის, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 13.3 პროცენტით. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს ფიქსირდებოდა.
უწყების მონაცემებით, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდსასქესო სისტემის, ძვალ- სახსართა სისტემის, შემაერთებელი ქსოვილებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები.
2020 წელს 138 ერთეულით შემცირდა შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა და 530 ერთეული შეადგინა. 2020 წლის ბოლოსთვის შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 8 632 ერთეულით განისაზღვრა, ხოლო წლის განმავლობაში დაფიქსირდა შიდსით გარდაცვალების 156 შემთხვევა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს 25.2 პროცენტით შემცირდა მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით და 1831 ერთეული შეადგინა. 22.3 პროცენტით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა (5 539 კაცი).
ამასთან, 2020 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.4 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.