საქსტატი - 2020 წელს ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა შემცირება განპირობებულია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო მშრალი კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის განმავლობაში მოპოვებულია 31.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი, რაც 2019 წელთან შედარებით 10.8 პროცენტით ნაკლებია, ასევე 99.3 ათასი ტონა ქვანახშირი, რაც წინა წელთან შედარებით 6.5-ჯერ მეტია და 8.9 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, რაც წინა წელთან შედარებით 7.3 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 212.0 ათასი მ3 შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია ასევე სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება.
2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
2020 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 699.7 მილიონი მ3, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტია. წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ 2 006.5 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2019 წელთან შედარებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება 13.5 პროცენტით გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში. მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა აგრეთვე შემდეგ დარგებში: კვების მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. როგორც საქსტატში აღნიშნავენ, გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებას.
უწყების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 287.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით ნაკლებია. ზოგადად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა კლება განპირობებულია ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.