საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა
საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი. უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა.

2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში – 1 328.9 ლარია, საშუალო ბიზნესის – 1 419.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.

2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 63.0 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 7.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.