საქსტატი - 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 57.2 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 572.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 57.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2020 წლის წინასწარ მონაცემებზე 7.3 პროცენტით ნაკლები. საქსტატის ცნობით, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 283.0 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, 2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 87.5 პროცენტი შეადგინა.
ორი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2020 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 88.1 პროცენტი შეადგინა. ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება – 53.0 პროცენტით (303 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 35.1 პროცენტით (200.7 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე – აშშ 17.2 პროცენტით (98.4 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ორი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 88.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 404.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 70.7 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი 98.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 90.3 მლნ. აშშ დოლარით.