საქსტატი - 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, დასაქმების დონე კი, 0.8 პროცენტული პუნქტით
საქსტატი - 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, დასაქმების დონე კი, 0.8 პროცენტული პუნქტით

საქართველოში 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა, – მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებთან დაკავშირებით მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის განმარტებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, გასული წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით.

ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონემ კი, ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.6 პროცენტული პუნქტით იკლო, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2019 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

საქსტატის ცნობით, სქესობრივ ჭრილში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცების შემთხვევაში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცების შემთხვევაში 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალთა შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალების, ისე კაცების შემთხვევაში – 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე კი, ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმების დონე ქალების შემთხვევაში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცების – უცვლელია.

საქსტატის განმარტებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიის მიხედვით. ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება. დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) კი, არის 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს, ან რამე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. დასაქმებულად მიიჩნევა, არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. უმუშევრობის დონე კი, არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.