საქსტატი - 2019 წელს საწარმოთა ბრუნვის მოცულობამ 109 მილიარდი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.
2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს მთლიანი ბრუნვის 55.5 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 25.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.6 პროცენტი, საშუალოზე – 26.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.0 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2019 წელს 65.3 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.2 მლრდ. ლარი შეადგინა. გასულ წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი – კაცი.
„დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 977.2 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2019 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 161.7 ლარს გაუტოლდა, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 864.7 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 303.3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 416.8 ლარი, მცირე ბიზნესი – 893.5 ლარი“, – აცხადებენ საქსტატში.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 61.3 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.9 პროცენტი; იმერეთი – 7.7 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.8 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2 პროცენტი.
უწყების ინფორმაციით, 2019 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 39.4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე. მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23.8 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.6 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.5 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.9 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.