საქსტატი - 2019 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 61.2 ლარით გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა
საქსტატი - 2019 წელს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 61.2 ლარით გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით, ანუ 61.2 ლარით გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 030.2 ლარი (წინა წელთან შედარებით შემცირდა 9.2 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 896.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.7 პროცენტით);

მშენებლობა – 1 631.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.1 პროცენტით).

ამასთან, უწყების მონაცემებით, 2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1 211.1 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 161.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 104.5 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.2 პროცენტით), ასევე მშენებლობის (1 641.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 5.2 პროცენტით) დარგში ფიქსირდება

2019 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 6.0 პროცენტით და 1 068.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს.