საქსტატი - 2019 წელს საქართველოში მშპ-ის მაჩვენებელმა 49 252.7 მილიონი ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: თბილისი (51.2 პროცენტი), აჭარა (10.1 პროცენტი), იმერეთი (8.5 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.5 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.7 პროცენტი).
თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (21.1 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.3 პროცენტი) და მშენებლობა (10.1 პროცენტი).
აჭარის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს მშენებლობა (19.9 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (13.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.3 პროცენტი) წარმოადგენს. იმერეთში, ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია დამამუშავებელი მრეწველობას (13.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (12.4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს (12.0 პროცენტი).
ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (22.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (17.6 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.1 პროცენტი).