საქსტატი - 2019 წელს საქართველოში 31.7 ათასი ექიმი იყო დასაქმებული, ყველაზე გავრცელებული ავადობა კი, სუნთქვის ორგანოების დაავადებებია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 265 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, 17.5 ათასი საწოლთა ფონდით. 2018 წელს კი, საწოლთა ფონდი 16.0 ათასს შეადგენდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის 2019 მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
უწყების მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 280 ერთეული იყო. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 13 470 ათასს გაუტოლდა, რაც 9.8 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამასთან, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით (2.4 პროცენტით) აღემატება.
საქსტატის ცნობით, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით 8.8 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა და 19 613 შეადგინა.
ასევე, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 11.0 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა.
უწყების ინფორმაციით, 2018 წელთან შედარებით, შარშან პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა, დაავადებათა ძირითადი ჯგუფების უმეტესობაში, შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობების რაოდენობა შემცირდა 7.4 პროცენტით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობების – 13.5 პროცენტით, კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობების – 12.3 პროცენტით, შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობების – 21.6 პროცენტით, ორსულობის, მშობიარობის და ლოგინობის ხანის – 0.3 პროცენტით, პერინატალურ პერიოდში წარმოშობილი ცალკეული მდგომარეობის – 30.3 პროცენტით, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები შემცირებულია 36.4 პროცენტით.
ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები.