საქსტატი - 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ ხუთი პროცენტი შეადგინა
საქსტატი - 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ ხუთი პროცენტი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით ხუთი პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი).

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).