საქსტატი - 2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების უმრავლესობამ თბილისსა და აჭარაში იმოგზაურა
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 41.2 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 12.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 495.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 20.1 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (22 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შესაბამისად, 1,290.3 ათასი და 1,076.3 ათასი ვიზიტი.
საქსტატის ცნობით, 2018 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.9 ღამე შეადგინა, რაც 2017 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.2 ღამე) 6.3 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 67 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ამასთან, 2018 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 36.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 25 პროცენტით გაიზარდა და 1,179 ლარი შეადგინა.