საქსტატი - 2018 წლის 11 თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის 11 თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4,7 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, 27 პროცენტით შემცირდა 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2017 წელთან შედარებით. საგარეო ვაჭრობის კუთხით კი, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები. ექსპორტის მოცულობა 24 პროცენტით გაიზარდა, რაც უწყების ინფორმაციით, რეკორდული მაჩვენებელია.
„აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადებითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში დამამუშავებელმა მრეწველობამ, უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორმა, ასევე ტრანსპორტის, სასტუმროების და ვაჭრობის დარგებმა შეიტანა. ეკონომიკურ ზრდაში უარყოფითი წვლილის მქონე საქმიანობა ამ 11 თვის განმავლობაში მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციები იყო. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, ექსპორტის მოცულობა 24 პროცენტით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია გასული წლის 11 თვის განმავლობაში. ასევე, 17 პროცენტით არის გაზრდილი იმპორტი“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში უმუშევრობის დონეს, მისი თქმით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, დაახლოებით 1 პროცენტით შემცირდა, ხოლო 5 პროცენტით გაიზარდა ქვეყანაში საშუალო სახელფასო ანაზღაურება და 1125 ლარი შეადგინა. წლიური ინფლაციის დონე კი, 1,5 პროცენტია.