საქსტატი - 2017 წელს საქართველოში ინვესტიციები 16 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქართველოში ყველაზე მეტი ფული დააბანდეს ინვესტორებმა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან და ჩეხეთიდან.
მიღებული ინვესტიციების მოცულობით კი ლიდერობენ შემდეგი დარგები – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ენერგეტიკა და უძრავი ქონება.
ამასთან, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ფიქსირდება სოფლის მეურნეობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორებში.