საქსტატი - 12-თვიან პერიოდში კვების პროდუქტებზე ფასები 13.1 პროცენტით გაიზარდა, სასმელებზე - 9.4 პროცენტით
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 10.1 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასების 2.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 2.01 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მომატება სასმელებზე, რომელიც 3.0 პროცენტით გაიზარდა, სხვა არალითონურ მინერალურ პროდუქტებზე – 4.5-პროცენტიანი და ძირითად ლითონებზე – 2.1-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
საქსტატის მონაცემებით, 12-თვიან პერიოდში კი, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, სადაც ფასები გაიზარდა 10.9 პროცენტით. ასევე ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები – 13.1 პროცენტით ზრდა, სასმელები – 9.4 პროცენტი, სხვა არალითონური მინერალური პროდუქტები – 14.3 პროცენტით ზრდა.
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების მხრივ, დაფიქსირდა ფასების 15.5-პროცენტიანი მომატება.
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფში კი, ფასებმა 3.7 პროცენტით მოიმატა.