საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) განცხადებით, ერთ-ერთმა ტელევიზიამ აკრედიტაციის კონკურსის შესახებ გუშინ მორიგი სიცრუე გაავრცელა.
„გუშინ, 14 თებერვალს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციისათვის აკრედიტაციის მინიჭების პროცესი კანონდარღვევით განხორციელდა. სიუჟეტში ნახსენები იყო საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მოქმედი ქოლგა ორგანიზაციების მიერ საქპატენტისთვის გაგზავნილი წერილი.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული ორგანიზაციების წერილში მოყვანილი შეფასებები ან დამახინჯებულია, ან სრულიად აცდენილია რეალურ ფაქტებს. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 30 მაისის იმავე ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს და მოსთხოვეს არარსებული „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტის განხილვის შეჩერება, ასევე, წერილში უთითებდნენ, რომ კანონპროექტი ევროკავშირის დირექტივებს ეწინააღმდეგებოდა. მალევე გაირკვა, რომ იმ დროისათვის მსგავსი კანონპროექტი საერთოდ არ ყოფილა ინიციირებული საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მედიასაშუალებას ჰქონდა მცდელობა, ზემოაღნიშნული წერილი საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში მიმდინარე რეფორმის დისკრედიტაციისათვის გამოეყენებინა.
რაც შეეხება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობის საკითხს, დადასტურდა, აგრეთვე, რომ რეალური კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის 26 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდგომ შევიდა ძალაში, სრულ თანხვედრაშია როგორც ევროდირექტივასთან, ისე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და კანონმდებლობასთან. ნიშანდობლივია ისიც, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების CLDP და USAID სრული ჩართულობითა და მხარდაჭერით. პროექტზე მუშაობის დაწყებიდან უზრუნველყოფილი იყო პროცესის გამჭვირვალობა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. კანონპროექტის შემუშავებისას, უშუალოდ ამ სფეროში მოღვაწე სუბიექტებთან ერთად, არაერთი საერთაშორისო თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაცია იყო ჩართული. კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი საჯარო განხილვა და სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ექსპერტებთან.
კიდევ ერთი სიცრუე, რომელზეც სიუჟეტში და წერილშია საუბარი, შეეხება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისათვის (GCA) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმას. საკითხის ისე წარმოჩენა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია კონკურსს თითქოსდა ტექნიკური მიზეზის გამო გამოეთიშა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. სინამდვილეში, აკრედიტაციის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქპატენტმა თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გაავრცელა საჯარო ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ და კონკრეტულად განმარტა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციებისათვის როგორც უარის, ასევე აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და მიზეზები.
დადასტურებულია, რომ GCA-ს უარი ეთქვა აკრედიტაციის მიღებაზე არა ტექნიკური მიზეზით, არამედ იმის გამო, რომ ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მნიშვნელოვან მოთხოვნებს, მათ შორის: წევრებისათვის თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიებს; შესაბამისი უფლების კოლექტიური მართვის სისტემიდან ამორიცხვის მექანიზმს; არაწევრ უფლების მფლობელებთან ურთიერთობის წესს; ორგანიზაციის თავმჯდომარის სამართლიანი არჩევის წესს, რაც გულისხმობს, რომ ასოციაციის წესდება არ ითვალისწინებდა შეზღუდვას ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის თაობაზე; ასოციაციაში წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებდა ასოციაციის გამგეობა, მაშინ როცა ასეთ გადაწყვეტილებას საერთო კრება უნდა იღებდეს; წესდება არ ითვალისწინებდა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესაძლებლობას და, ასევე, ვერ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
ვაცნობიერებთ, რომ GCA-ს ყოფილი ხელმძღვანელი გიგა კობალაძე, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებს აღნიშნული წერილის ავტორ ერთ-ერთ ქოლგა ორგანიზაციაში, შესაძლოა, იყენებდეს თავის მდგომარეობას ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად, თუმცა ყველა პასუხისმგებლობიანი დაწესებულების ვალდებულებაა, გადაამოწმოს და მოიძიოს ნამდვილი ფაქტების იმ ცნობების შესახებ, რომლებსაც საჯაროდ ავრცელებს, ვინაიდან მსგავსმა დაუსაბუთებელმა და უსაფუძვლო ბრალდებებმა, შესაძლოა, კოლოსალურად დიდი მატერიალური და რეპუტაციული ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ დარგის განვითარებას და მდგრადობას, არამედ როგორც ქართველი, ისე უცხოელი უფლებამფლობელების ინტერესებს. ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მედიასაშუალებებისა და, ასევე, ზემოთ ნახსენები ქოლგა ორგანიზაციების მხრიდან მსგავსი დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება.
თავის მხრივ, საქპატენტმა უკვე გაუგზავნა საპასუხო წერილი აღნიშნული წერილის ყველა ავტორ ორგანიზაციას, სადაც რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გაცემულია პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე“, – აღნიშნულია საქპატენტის ინფორმაციაში.