საქართველოში წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები, შარშანდელ იმავე მაჩვენებელთან შედარებით, 12.9 პროცენტით შემცირდა
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 197.2 ათასი აზერბაიჯანიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.3 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 7.3 პროცენტიან კლებას 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, – ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 262.2 ათასი ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა – 48.7 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 33.2 პროცენტს შეადგენდა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 31.9 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ამასთან, უწყების ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.4 ღამე შეადგინა, რაც 2019 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (3.7 ღამე) 8.8 პროცენტით ნაკლებია. 83.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 12.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3.7 პროცენტით გაიზარდა და 922.4 ლარი შეადგინა.