საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება - შოვში მზადყოფნაში არიან ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად მოქმედებენ დაშავებულების დასახმარებლად
საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, იმყოფებიან.
როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებაში აცხადებენ, მზადყოფნაში არიან ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად მოქმედებენ დაშავებულების დასახმარებლად.
„მზადყოფნაშია ასევე ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ; ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი, რომელიც მუშაობს როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, ადგენს შესაბამის სიებს და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან არსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად; კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც წითელ ჯვარში გადამწყვეტ როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტიანი რეაგირების საქმეში. მათი ამოცანები მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია როგორც მზადყოფნაზე, ისე რეაგირებაზე. საქართველოს წითელი ჯვარი მიმართავს ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 032 2 501 105“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის ინფორმაციაში.