საქართველოში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნება
23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რიყის პარკში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი წიგნებზე სპეციალურ ფასდაკლებას გვთავაზობს.
მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
საღამოს, კი თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი გაიმართება. ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს თბილისის მერიის მუსიკალური ბენდი – “ბიგ ბენდი”.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.
2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.