საქართველოში ვიზიტით იმყოფება USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში
საქართველოში ვიზიტით იმყოფება USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში

საქართველოში ვიზიტით იმყოფება USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. ელჩი ერინ მაკკი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაკკი ამერიკის დელეგაციას უხელმძღვანელებს თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რაც კიდევ უფრო გაამყარებს აშშ-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც წარმოადგენს ევროატლანტიკური სავაჭრო, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და ენერგეტიკულ ცენტრს.

„ვიზიტის დროს ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაკკი შეხვდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს USAID-ის პარტნიორობას საქართველოსთან, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია გრძელდება. საქართველოში ყოფნისას ელჩი მაკკი ოფიციალურად  გახსნის USAID-ის „განათლება მომავლის“ პროგრამას. ეს პროგრამა USAID-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ახალი პარტნიორობის ფარგლებში იწყება და მიზნად ისახავს მასწავლებლების გაძლიერებას. ადმინისტრატორის მოადგილე ერინ მაკკი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს, ჟურნალისტებს, განათლების და ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს ადმინისტრატორის მოადგილის მეორე ვიზიტია საქართველოში, ის პირველად ქვეყანას 2022 წლის ნოემბერში ეწვია.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აშშ-ის განვითარების წამყვანი სააგენტოა, რომელიც ამჟამად საქართველოში  40 პროგრამას ახორციელებს. ეს პროგრამები მიზნად ისახავს საქართველოს და მისი მოსახლეობის მხარდაჭერას, რომლის ფარგლებშიც 1992 წლიდან უკვე 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია ქვეყანას. USAID-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და მოსახლეობასთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობას და დემოკრატიას, რაც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობის მიერ განცხადებული სურვილის შესრულებას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტ დროს ითვლის, USAID-მა მხარი დაუჭირა ისეთი პროგრამების განხორციელებას საქართველოში, როგორებიცაა: მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, საჯარო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვაზე ზრუნვა, საქართველოს მოსახლეობისთვის კეთილდღეობის და შესაძლებლობების შექმნა და მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების გაძლიერება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეებზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.