აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისში პრესკონფერენციას გამართავს
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი დღეს მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. ჟურნალისტებთან ამერიკის საელჩოში ჩანიშნულ შეხვედრაზე ჯორჯ კენტი საქართველოში გამართულ შეხვედრებს შეაჯამებს და ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაც აშშ-საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობის დინამიკაზე და რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაც იყო, რომლის შესახებაც ინიციატივა ქართულმა დელეგაციამ ვაშინგტონში შეხვედრების დროს გამოთქვა.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჯორჯ კენტმა აშშ-ის პოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერა და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მისწრაფებებს.
შეხვედრა შედგა თავდაცვის უწყებაშიც, სადაც ჯორჯ კენტმა და ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ირგვლივ ისაუბრეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული არმიის კონტრიბუციას.
ჯორჯ კენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის რანგში თბილისს პირველად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებთანაა ჩანიშნული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უკვე იმყოფებოდა ბაქოში. სომხური პრესა იუწყება, რომ ის უახლოეს დღეებში ერევანსაც ეწვევა.