საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა
საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა

საქართველოში უმუშევრობის დონე, 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.9 პროცენტი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.6 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.2 და 0.5 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.9 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

როგორც უწყების ანგარიშში არის აღნიშნული, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2020 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის პირველ  კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია, როგორც ქალებში, ისე კაცებში – 1.4 და 0.6 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის განმარტებით, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის შეფასება ხორციელდება „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ მეთოდოლოგიის მიხედვით. ეკონომიკურად აქტიურად მიიჩნევა 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის ჩარჩოებში ხვდება. დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) კი, არის 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე ერთი საათი მაინც) შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ შინამეურნეობის სხვა წევრებს, ან რამე მიზეზით არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. დასაქმებულად მიიჩნევა, არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას. უმუშევრობის დონე კი, არის უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.