საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ (15 წლის და უფროსი ასაკის) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 60.8 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0.8 და 3.0 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.3 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, 2020 წლის მესამე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით. თუმცა, საქსტატის ცნობით, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. 2020 წლის მესამე კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით.