საქართველოში უკრაინის საელჩოს მდივანი - რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას
ახლახანს აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დაწყების 11 წლისთავი და დღეს ჩვენ ვდგავართ ოკუპაციის ზოლთან, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რომელიც გუგუტიანთკარში იმყოფება.
როგორც პეტრო ბოგდანმა განაცხადა, რუსეთის აგრესიული ძალები განაგრძობენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.
„მსურს გითხრათ, რომ უკრაინელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან, ასევე შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა პეტრო ბოგდანმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან. გუგუტიანთკარში ჩავიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები.
ამასთან, ადგილზე იმყოფებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფოტრმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები.
ისინი დიპლომატებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს აცნობენ.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძების მონტაჟი გუშინ დილიდან კვალვ განაახლეს. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.