საქართველოში უკრაინის ელჩი - ოკუპაცია ჩვენი ერების დამოუკიდებელი განვითარების წინააღმდეგაა მიმართული
ოკუპაციის სახით დღეს ჩვენ ვხედავთ ქმედებას, რომელიც ჩვენი ერების დამოუკიდებელი განვითარების წინააღმდეგაა მიმართული, სწორედ ამიტომ, ამ საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებაა საჭირო – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იჰორ დოლჰოვმა განაცხადა.
უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაციასა და რუსეთიდან მომდინარე აგრესიაზე დღეს მხარეებმა ერთობლივი კონფერენციაზე იმსჯელეს.
„ყოველდღიურ ძალისხმევას ერთ დღეს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, რაც ძალიან მარტივ რამეში მდგომარეობს, რომ ჩვენს ქვეყნებს მიეცეთ საშუალება, განავითარონ საკუთარი ქვეყანა ისე, როგორც თავად სურთ”, – განაცხადა საქართველოში უკრაინის ელჩმა.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრში გამართული დისკუსიის მთავარი ხაზი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, აგრეთვე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას დაეთმო, და ამ მხრივ საერთაშორისო აქტორების, სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლს გაესვა ხაზი.